მადლიერი ვარ! მადლიერი ვარ იმისთვის, რაც დღეს მაქვს... სხვა მხრივ, იგივე ცხოვრებისეულ მისწრაფებას განვიცდი, როგორც ნებისმიერი ადამიანი. ბედნიერების მოპოვება ნებისმიერის მიზანია. ამისათვის ყოველდღიური შრომაა საჭირო. შრომა, და ხშირად ბრძოლაც, რადგან არ არსებობს ბედნიერების ზღაპრისებრი ფორმულა. ბედნიერების საწინდარია, როდესაც არ ფლანგავ იმ ნიჭს, რომელიც ბუნებამ თან დაგაყოლა; როდესაც იცი, რა გინდა აკეთო და რისთვის ცხოვრობ; რატომ, რა ფუნქციით არსებობ. ამის შემდეგ უკვე ყველაფერი შესაძლებელია მიზნის მისაღწევად – დიდი შრომით, საკუთარი თავის წვრთნით და დაუსრულებელი სწავლით. მაგრამ ყველაზე მთავარი, ალბათ, საკუთარი თავის ნდობაა. რწმენა შინაგანი „მე“-სი, რომელიც შენი მეგობარია და ვისაც ნებისმიერ დროს შეიძლება დაეყრდნო.